English / ქართული / русский /
როზეტა ასათიანი
ექსტერნალიების სახელმწიფო რეგულირება

ანოტაცია. თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში ექსტერნალიების (გარე ეფექტები) სახელმწიფო რეგულირება უაღრესად დიდ მნიშვნელობას იძენს და საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის ფუნქციონირების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ბაზარს არ შეუძლია ეკონომიკის ყველა სფეროს თანაბარი ზომით ფუნქციონირება, ზოგიერთში კი საერთოდ არ მოქმედებს, მას არ შესწევს უნარი, გადაჭრას ბევრი სხვა პრობლემა.

ბიზნესის არასტაბილურობა ქმნის უმუშევრობის, ინფლაციისა და მეწარმეთა გაკოტრების პირობებს. საბაზრო კონკურენცია იწვევს საზოგადოების შემოსავლების დიფერენცი¬აციასა და მათ უსამართლო განაწილებას, ამიტომ ბაზარი ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის დაბალშემოსავლიან ფენებს არსებობისათვის აუცილებელი საქონლითა და მომსახურებით. მას არ შეუძლია აღკვეთოს სოციალური ბოროტებები, გადაჭრას სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებული პრობლემები. ბაზარს არ ძალუძს, დაიცვას უშიშროება, უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქ¬ციონირება, ასევე, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ბაზარს არ შეუძლია დაიცვას გარემო და გადაჭრას ეკოლოგიური პრობლემები.

ბაზარი უძლურია შეაფასოს ადამიანთა საქმიანობის გარე ეფექტები. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება სოციალურ-ეკონომიკური ეფექტები, რომელიც გამოიხატება ეკონომიკური წონასწორობის დაცვაში. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება სოციალურ-ეკონომიკური ეფექტები, რომლებიც გამოიხატება ეკონომიკური წონას¬წორობის დაცვაში, ესთეტიკურ ფასეულობათა, კულტურის ძეგლთა, ბუნებრივი ლანდშაფტების შენარჩუნებაში, მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობისა და აქტიური საქმიანობის პერიოდის გადიდებაში, დაავადებების შეკვეცაში, პიროვნების შემოქ¬მე¬დებითი პოტენ¬ციალის ზრდაში, მოსახლეობის ფიზიკური განვითარების, მოქალაქეობრივი და ზნე¬ობრივი კულტურის ამაღლებასა და ა.შ.
სახელმწიფო თავის თავზე იღებს ექსტერნალიების გაზომვასა და სახელმწიფო ბიუჯეტის მექანიზმის მეშვეობით შემოსავლების გადანაწილების ორგანიზაციას.
ეკოლოგიური სიტუაციის სერიოზულმა გაუარესებამ გამოიწვია საბაზრო კონკურენციის ნეგატიური `სოციალური ამონაბო¬ლქვების~ ლიკვიდაციის სპეციალური სახელმწიფო რეგულატორების ამოქმედება. ეკო¬ლოგიური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ფართოდ გავრცელდა საინვესტიციო პროექტების წინასწარი სახელმწიფო ექსპერტიზა. სოციალური მიზნობრივი პროგრამების გარე ეფექტის შეფასებისას რეკომენდებულია მათი გაზომვა ადეკვატურ მაჩვენებლებში _ სოციალურ სტანდარტებთან (ნორმატივებთან) სოციალური შედეგების ფაქტობრივი მნიშვნელობის შედარების გზით.
ექსტერნალიების სახელმწიფო რეგულირება ხელს უწყობს საზოგადოებრივი ურთიერთობების ნორმალიზაციას, უარყოფითი ექსტერნალიების შემცირებასა და, ზოგ შემთხვევაში, აღკვეთას, ხოლო დადებითი ექსტერნალიების წარმოქმნასა და გაფართოებას, მთლიანობაში კი ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

* * *

საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკის ფუნქციონირების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ექსტერნალიების ანუ გარე ეფექტების რეგულირება. რამდენიმე ათეული წელია ეს პრობლემა აქტიური განხილვის თემაა. რაც დრო გადის განსაკუთრებით მწვავდება გარემოს დაცვის ეკოლოგიური პრობლემები (ამჟამად დასავლეთში ტერმინი - “გარემოს დაცვა” რაციონალური ბუნებათსარგებლობის ტერმინით შეიცვალა).
მათ წარმოქმნას, მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის საფუძველზე ტექნიკის სფეროში დაწყებულმა ბუმმა, რომელიც შემდეგ ტექნოლოგიურ ბუმში გადაიზარდა. გარემოს დაცვამ ფართო მასშტაბები შეიძინა და სახელმწიფო რეგულირების ორბიტაში მოექცა. მაგალითად, 1987 წელს, რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში, აშშ-ის კონგრესმა მიიღო მრავალმილიარდიანი კანონი წყლის რესურსების გაწმენდის შესახებ, ამასთან, შეიმუშავა კანონმდებლობა ავტომობილების ამონაბოლქვების შეზღუდვის თაობაზე, დადგინდა დასაშვები ნორმები და დაწესდა სტანდარტები როგორც წყლის, ისე ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა დადგენილება მომწამვლელი ქიმიკატების გამოყენების წესების მკაცრად დაცვის მიზნით [1,205].
ნობელის პრემიის ლაურეატის ჟ. სტიგლიცის აზრით, სახელმწიფოს ჩარევამ ბუ¬ნებათსარგებლობის სფეროში შთამბეჭდავი ეფექტი შექმნა: განადგურებას გადაურჩა ბევრი ტბა, მრავალ ინდუსტრიულ ქალაქში საგრძნობლად გასუფთავდა ჰაერი, თუმცა, ბევრი ქალაქი, ამ მხრივ, ვერ გადაურჩა მწვავე პრობლემებს [1,206].
გარემოს დაბინძურებით ან ნებისმიერი სხვა ქმედებით მიღებული უარყოფითი შედეგები უარყოფითი ექსტერნალიების სახელწოდებითაა ცნობილი, გარემოს დაბინძურების ლიკვიდაციით გამოწვეული დადებითი შედეგები (ისე, როგორც სხვა დადებითი შედეგები) კი – დადებითი ექსტერნალიებით.
თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში ექსტერნალიების სახელმწიფო რეგულირება უაღრესად დიდ მნიშვნელობას იძენს. რაც შეეხება ბაზარს, მას არ შეუძლია ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში თანაბარი ზომით ფუნქციონირება, ზოგიერთ მათგანში კი საერთოდ არ მოქმედებს. ამერიკელი ეკონომისტის კ. ფლექსერის აზრით, `საბაზრო ეკონომიკა წარმოადგენს ცოცხალ სისტემას, რომელიც განიცდის ევოლუციას და სრულყოფას. ზოგიერთი ცდილობს გააიდეალოს იგი, რაც მოკლებულია საღ აზრს. მართალია, ბაზარი ეფექტიანი ეკონომიკის გასაღებია, მაგრამ მას არ შესწევს უნარი, გადაჭრას ბევრი სხვა პრობლემა~ [2,12]. ბაზარს არ შეუძლია დადებითად გადაწყვიტოს იმ სამეურნეო სტრუქტურების ბედი, რომლებიც ვერ ეგუებიან ფასების ცვალებადობას. ბიზნესის არასტაბილურობა ქმნის უმუშევრობის, ინფლაციისა და მეწარმეთა გაკოტრების პირობებს. საბაზრო კონკურენცია იწვევს საზოგადოების შემოსავლების დიფერენციაციასა და მათ უსამართლო განაწილებას, ამიტომ ბაზარი ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის დაბალშემოსავლიან ფენებს არსებობისათვის აუცილებელი საქონლითა და მომსახურებით. მას არ შეუძლია აღკვეთოს სოციალური ბოროტებები, გადაჭრას სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებული პრობლემები. ბაზარს არ ძალუძს დაიცვას უშიშროება, უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება, ასევე, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ბაზარს არ შეუძლია დაიცვას გარემო და გადაჭრას ეკოლოგიური პრობლემები. ჯ. გელბრეითის აზრით, ბაზარს ახასიათებს უამრავი დეფექტი და ნაკლოვანება, რომლებიც მოითხოვენ სახელმწიფოს ჩარევას [3,74]. ამიტომაც დღეს, მოჭარბებული უარყოფითი ექსტერნალიები, რომლებიც ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებშიც სხვადასხვა ფორმით იჩენს თავს, მოითხოვს აქტიურ ქმედით ღონისძიებებს, აქედან გამომდინარე, სავსებით კანონზომიერია, რომ საბაზრო სექტორის გვერდით არსებობს არასაბაზრო სექტორი, თუმცა, მას შეზღუდული ხასიათი აქვს ნებისმიერ ქვეყანაში. მაგალითად, 2016 წლის საქსტატის მონაცემებით, საქართველოში სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო დასაქმებულთა მთლიანი რიცხოვნობის მხოლოდ 15,4%, შესაბამისად, არასახელმწიფო სექტორში - 84,6%.
დღეს, როდესაც ცივილიზებულ სამყაროში ტრენდი საწინააღმდეგოდ არის მიმართული, მიმდინარეობს ნაციონალიზაციის საწინააღმდეგო პროცესი - საკუთრების გასახელმწიფოებრიოება, ანუ ეკონომიკის რიგი ობიექტების ისევ სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა, როგორ შეიძლება მსოფლიო გამოცდილების იგნორირება?
ბაზარი უძლურია, მისთვის ნიშანდობლივი ფასწარმოქმის მექანიზმის მეშვეობით შეაფასოს ადამიანთა საქმიანობის გარე ეფექტები. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება სოციალურ-ეკონომიკური ეფექტები, რომლებიც გამოიხატება ეკონომიკური წონას¬წორობის დაცვაში, ესთეტიკურ ფასეულობათა, კულტურის ძეგლთა, ბუნებრივი ლანდშაფტების შენარჩუნებაში, მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობისა და აქტიური საქმიანობის პერიოდის გადიდებაში, დაავადებების შეკვეცაში, პიროვნების შემოქმედებითი პოტენციალის ზრდაში, მოსახლეობის ფიზიკური განვითარების, მოქალაქეობრივი და ზნეობრივი კულტურის ამაღლებასა და ა.შ. [4,38]. გარე ეფექტების გაზომვა ფულით შეუძლებელია, ამ მიზნით გამოიყენება ნატურალური მაჩვენებლები.
ექსტერნალიებს ერთდროულად შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები. ასე მაგალითად, მოსახლეობის საგანმანათლებლო დონის ზრდა, რომელიც განაპირობებს კულტურული მსოფლმხედველობის ამაღლებას, ახალი გარემოსადმი ადაპტაციური შესაძლებლობების გადადებასა და ა.შ., ხელს უწყობს სოფლის მცხოვრებთა მასობრივ მიგრაციას ქალაქში, და, საბოლოო ანგარიშით, იწვევს სასოფლო-სამეურნეო კადრების დეფიციტს, ურბანიზაციის პროცესის გაძლიერებას, უმუშევრობის გადიდებასთან ერთად, სიღარიბის, ასევე, დანაშაულობათა ზრდასა და ა.შ. ამრიგად, მას ახლავს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები [5,29].
სახელმწიფო თავის თავზე იღებს ექსტერნალიების გაზომვასა და სახელმწიფო ბიუჯეტის მექანიზმის მეშვეობით შემოსავლების გადანაწილების ორგანიზაციას. ეს კონკრეტულ გამოხატულებას სპეციალურ დაბეგვრაში პოვებს და საგადასახადო პრაქტიკაში კარგად ცნობილ “პიგუს გადასახადს” უკავშირდება [6].
ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო იყენებს სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბერკეტებს, რათა აიძულოს ბიზნესი, გარემოს აღდგენისათვის მოახდინოს კაპიტალის ინვესტირება. ადმინისტრირება, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების გატარებასა და არაკვლავწარმოებადი ბუნებრივი რესურსების კომერციული მიზნით ექსპლუატაციას, ადამიანთა ჯანმრთელობისათვის მავნე ტექნოლოგიების გამოყენებასა და ა.შ., არ ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. მზარდ მოთხოვნაზე ორიენტირებული საბაზრო ძალები სულ უფრო მეტ ბუნებრივ რესურსებს აქცევენ სამეურნეო ბრუნვაში, რაც ზიანს აყენებს გარემოს, იწვევს რეგიონულ დისპროპორციებსა და განსაკუთრებით ამწვავებს დიდი ქალაქების პრობლემებს. ამიტომ ეკოლოგიური სიტუაციის სერიოზულმა გაუარესებამ გამოიწვია საბაზრო კონკურენციის ნეგატიური “სოციალური ამონაბოლქვების” ლიკვიდაციის სპეციალური სახელმწიფო რეგულატორების ამოქმედება. ეკო¬ლოგიური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ფართოდ გავრცელდა საინვესტიციო პროექტების წინასწარი სახელმწიფო ექსპერტიზა. სოციალური მიზნობრივი პროგრამების გარე ეფექტის შეფასებისას რეკომენდებულია მათი გაზომვა ადეკვატურ მაჩვენებლებში - სოციალურ სტანდარტებთან (ნორმატივებთან) სოციალური შედეგების ფაქტობრივი მნიშვნელობის შედარების გზით.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტულ შემთხვევაში ექსტერნალიების სწორ შეფასებასა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებას. საზოგადოებრივი დოვ¬ლათი, როგორც წესი, არ შეიძლება ჩაერთოს საბაზრო მექანიზმში და გადაიქცეს კერძო მეწარმეობის სფეროდ, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის მისმა უფასოდ მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი გარე ეფექტები, რაც გამოიხატება კონკრეტული საზოგადოებრივი დოვლათის დეფიციტის წარმოქმნაში, ხარისხის გაუარესებაში, ინდიფერენტიზმში საზოგადოებრივი ქონების მიმართ, ადამიანებში მახინჯი ფსიქოლოგიის ფორმირებასა და ა.შ. ამ შემთხვევაში ფასიანობის შემოღება ზღუდავს მის მოხმარებას მოსახლეობის ერთობლივი მოთხოვნის ფარგლებში და ხელს უწყობს ეკონომიკური და სოციალური წონასწორობის აღდგენა-შენარჩუნებას, ეკონომიკის მდგრად განვითარებას.
მსოფლიო პრაქტიკაში კარგად ცნობილი არაკომერციული ორგანიზაციების სტატუსი გამორიცხავს მოგების მიღების მაქსიმიზაციის შესაძლებლობას, ამასთან, მიღებულ მოგებას აძლევს ორიენტაციას, გამოყენებულ იქნეს საზოგადოებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. არაკომერციული ფირმა სარგებლობს საზოგადოებრივი მხარ¬დაჭერით, რაც გამოიხატება საბიუჯეტო და საქველმოქმედო დაფინანსებაში, შეღავათიან დაკრედიტებასა და დაბეგვრაში.
ექსტერნალიების სახელმწიფო რეგულირება ხელს უწყობს საზოგადოებრივი ურთიერთობების ნორმალიზაციას, უარყოფითი ექსტერნალიების შემცი¬რებასა და, ზოგ შემთხვევაში, აღკვეთას, ხოლო დადებითი ექსტერნალიების წარმოქმნასა და გაფართოებას. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი, ხელს უწყობს საბაზრო სექტორის ეფექტიან ზრდასა და მასში შემავალი დარგების განვითარებას, მთლიანობაში კი, ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Стиглиц Дж. Экономика государственного сектора. Перевод с английского. М., «инфра-м», 1997.
  2. Флекснер К. Капитализм с человеческим лицом». «Новое время», 2000, №44.
  3. Гелбрейт Дж. Экономические теории и цели общества. Перевод с английского. М., 1979.
  4. ასათიანი. მომსახურება და საბაზრო სისტემა. თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1993.
  5. ასათიანი. გარე ეფექტები და `გადასხმის ხარჯები~. `ეკონომისტი~, 2009, #2.
  6. Pigou A. A Study in Public Finance. London, 1949.
  7. პაპავა. სახელმწიფოს როლი თანამედროვე ეკონომიკურ სისტემაში. `ეკონომიკა~, 1995, #7-9.
  8. Abesadze R., Burduli V. Current States and Priorities for the Formation of National Innovation System in Georgia. “Ekonomisti”, 2017, #1.
  9. ასათიანი. საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა. სახელმძღვანელო. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე~, 2017.
  10. ასათიანი. XX საუკუნის მსოფლიო ეკონომიკის კონცეპტუალური ანალიზი და საქართველოს ეკონომიკური პორტრეტი. თბილისი, გამომცემლობა `სიახლე~, 2015.